როგორ იმსხვრევა პრინციპები (1ნაწ.)

ბოლოსდაბოლოს რაჭაში მივდივარ. მთელი ცხოვრებაა ნახვა მინდა. არა, უფრო სწორად – მივდივართ. დამპატიჟა და დავთანხმდი. რა მექნა, ძალიან მინდოდა და ჩემით როდის ვნახავდი აზრზე არ ვარ. ჰოდა, დავთანხმდი. მაგრამ გულში საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მასთან სექსი არავითარ შემთხვევაში მექნება – მეთქი.  ასე გადავწყვიტე. მე – ისევე, როგორც ყველა ადმიანს – გამაჩნია საკუთარი პრინციპები, რომლებსაც არაფრით დავარღვევ.

ქერა ტიპები მომწონს. მგონი დანკოს დამსახურებაა ეს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ის ქერა იყო. უბრალოდ ასეთი წარმოდგენა შემექმნა მასზე. ჩემს ყველა მამაკაცს ქერა თმა ჰქონდა. ზოგს გრძელი, ზოგს – მოკლე. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

მოკლედ, წავედით. ფანჯარასთან დავჯექი. ბევრი ვიარეთ თუ ძალიან ბევრი, ჩამეძინა. გაღვიძებულმა აღმოვაჩინე – რომ ძალიან მშვიდად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე – მის მკლავზე მეძინა. ალბათ როგორ დავღალე. რა საშინლად გამოვიყურები ნამძინარევი – მეთქი – ესღა გავიფიქრე.

ჩავედით, მაგრამ ბოლო პუნქტამდე მისასვლელად კიდევ ერთი ტრანსპორტი გვჭირდებოდა. ეს ტრანსპორტი კი ერთი საბჭოთა დროის ავტობუსი აღმოჩნდა. ისევ ფანჯარასთან მოვკალათდი, რა ვიცოდი რა მელოდა წინ. წარმოიდგინეთ, რომ ერთი მხრიდან კლდოვანი მთა გადმოგყურებთ, მეორე მხარეს კიდევ უფსკრულში იცქირები. ისე ვეჭიდებოდი მის მკლავს, თითქოს რეალური საფრთხის შემთხვევაში მას მართლა შეეძლო ჩემი ხსნა. მიხვდა რომ მაგრად მეშინოდა და არ ვიმჩნევდი. ჯობია მე მიყუროო-მითხრა. მისი თვალების ყურებას  მართლა არაფერი ჯობია ისე. ვუყურებდი თვალებში და მზერა მისი ტუჩებისკენ გამირბოდა, რომელიც ცალი კუთხით იღიმოდა და ძალიან უხდებოდა. მისი სუნთქვა ტუჩებზე მომელამუნა, თითქოს კოცნის ნებართვას მთხოვდა. ჩემს ცხოვრებაში რომანტიკული კოცნები ყოფილა, მაგრამ ასეთი – არა. ასე, რომ დამსახურებულად მიენიჭა პირველი ადგილი. სხვების მიკვირდა და ვფიქრობდი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსგავსს არაფერს გავაკეთებ – მეთქი. მაგრამ აი, მოიტანა სიტუაციამ. არც ვნანობ.

ძალიან დამღალა გზამ.საღამოსთვის ჩავედით. არაჩვეულებრივი მოხუცები დაგვხდნენ – ბებია – ბაბუა. ძალიან თბილად მიმიღეს. მეტისმეტადაც – კი. შვიდი იყო დასაძინებლად რომ წავედი, ჭამის თავიც არ მქონდა.

კარზე დამიკაკუნეს. ტელეფონს დავხედე 05:45-ს მიჩვენებს. რა ჯანდაბაა – გავიფიქრე და ის იყო თავის მომძინარება დავაპირე, რომ კარი ნელა გაიღო. სასწაული უნდა გაჩვენოო აღარ მომასვენა. ბუზღუნ-ბუზღუნით ავდექი და გავყევი.

რა ჰაერი იყო, ღმერთო! სიგარეტის მოწევა გადავიფიქრე. შემრცხვა ამ ჰაერის დაბინძურების. სულ მთები… მთები. დავსხედით ყავის ფინჯნებით ხელში და მზეს ველოდით. ამოიწვერა მთიდან და სხივები მარაოსავით გაიშალა. ნამდვილად სასწაული იყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი ადმიანებზე ვისაც არ ჰქონდა ნანახი ეს საოცრება. ვფიქრობდი და მეცოდებოდნენ. მე კი… მე ბედნიერი ვიყავი, თან ის მყავდა გვერდით. ეს უკვე იდილია იყო.

ვგრძნობდი როგორ მივდიოდი ბურანში. არ მეყო ძილი. ხელში ატატებული ამიყვანა ოთახში. ვერ ვიფიქრებდი ამდენს თუ შეძლებდა. ცუდად გამომდის, მაგრამ რა ვქნა მაშინ მართლა ვერ ვაფასებდი მის შესაძლებლობებს ასაკის გამო. რომ დამაწვინა დარჩენა ვთხოვე. მციოდა და ის ისეთი თბილი იყო..;

როცა გამეღვიძა ოთახში მარტო ვიყავი. თანდათან გამახსენდა დილანდელი მოვლენები და გამეღიმა. ისე როგორც, სასიამოვნო სიზმრის ნახვისას, დილით, რომ იხსენებ. ოთახიდან ჩუმად გამოვიპარე და თავის მოსაწესრიგებლად აბაზანაში შევედი. ამის მერე დამშვიდებული სინდისით გამოვედი ეზოში. მოხუცები არსად ჩანდნენ. სოფელში სამუშაოს რა გამოლევს – მეთქი გავიფიქრე და მის მოსაძებნად სამზარეულოსკენ წავედი. საუზმე მოემზადებინა ბებიას. მას კი მაგიდაზე გაეწყო. რა კარგია როცა შენზე ზრუნავენ. საუზმის შემდეგ იქაურობა დამათვალიერებინა. ეზო მწვანე იყო, ხასხასა. სახლი პატარა, მაგრამ ძალიან სუფთა. საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა ჰქონიათ. ბაბუას ყვარებია წიგნები. ერთი წიგნი ავარჩიე და ვთხოვე წეკითხა ჩემთვის. არასოდეს, არავის წაუკითხავს ჩემთვის. ბავშვობაშიც – კი. მამაკაცებზე რა ვთქვა, ზოგს ეზარებოდა, ზოგმა კი უბრალოდ არ იცოდა კითხვა. მისთვის კი პრობლემა არ აღმოჩნდა და ძალიან დიდი პლუსი დაიწერა ჩემს თვალში.

9 comments on “როგორ იმსხვრევა პრინციპები (1ნაწ.)

Leave a reply to karamelka კომენტარის გაუქმება